საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა. ქრისტიანობამ საქართველოში I საუკუნიდან დაიწყო შემოსვლა. ლეგენდის თანახმად, როდესაც მოციქულები ინაწილებდნენ ქვეყნებს, სადაც უნდა გაევრცელებინათ ქრისტიანობა, საქართველო წილად ხვდა მარიამ ღვთისმშობელს. ამიტომ "ითვლება" საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საქართველოს მფარველად. მაცხოვრის ნებით ღვთისმშობელი იერუსალიმში დარჩა, საქართველოში კი გაემგზავრა ანდრია პირველწოდებული, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა, ლეგენდის თანახმად, თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. წმიდა მოციქული ანდრია მოდიოდა იმ ქვეყანაში, რომელიც ინახავდა ძველი აღთქმის დიდ საუნჯეს წინასწარმეტყველ ელიას ხალენს, რომელიც აქ ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს, და ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს იესო ქრისტეს უქსოვ კვართს, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის მოწმე ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა ქართლის დედაქალაქმცხეთაში, სადაც თვითონ ცხოვრობდა.
ქრისტიანული გადმოცემის მიხედვით მოციქულმა ანდრიამ იქადაგა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დაბა აწყვერში (ქართლის სამეფო), ქადაგებისა და ხალხის მოქცევის შემდეგ მან აქ დატოვა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც შემდეგში საუკუნეების განმავლობაში ესვენა აწყვერის (აწყურის) საკათედრო ტაძარში.
დასავლეთ საქართველოში მოციქულ ანდრიასთან ერთად ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა მოციქული სვიმონ კანანელი, რომელიც აქვე სოფ. კომანშია დაკრძალული. ქართულმა მიწამ მიიბარა კიდევ ერთი მოციქული წმ. მატათა; იგი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ქადაგებდა და დაკრძალულია გონიოში, დღევანდელი ბათუმის ახლოს. უძველესი ქრისტიანული წყაროები მიუთითებენ ასევე მოციქულების ბართლომესა და თადეოზის ყოფნას აღმოსავლეთ საქართველოში.
მოციქულების მიმოსვლას და მათ ქადაგებას საქართველოში ადასტურებენ, როგორც ადგილობრივი, ქართული ქრონიკები, ასევე ბერძენი და ლათინი საეკლესიო ავტორები: ორიგენე(II - III ს.ს.), დოროთე ტირელი ეპისკოპოსი (IV ს.), ეპიფანე კვიპროსელი ეპისკოპოსი (IV ს.), ნიკიტა პაფლაგონელი (IX ს.), ეკუმენი (X ს.) და სხვ.
საქართველოში I - III ს.ს. ქრისტიანული თემების და ეკლესიის არსებობას ადასტურებს არქეოლოგიური მასალა. II ს. წმიდანის ირინეოს ლიონელის ნაწერებშიც ქრისტიან ხალხებს შორის მოიხსენიება იბერიელებიც, ე. ი. ქართველები.
No comments:
Post a Comment